„მნიშვნელოვნად შეიცვლება სურათი“ | ოპოზიცია უბნების გადათვლას მოითხოვს

პუბლიკა

პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, გადაითვალოს თბილისის ის უბნები, რომლებსაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ. მისი თქმით, ხმების გადათვლა სრულად შეცვლის სურათს და ამაზეა დამოკიდებული, ვის ექნება უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, ოპოზიციას თუ „ქართულ ოცნებას“.

ელენე ხოშტარიას თქმით, „დროა“ სხვა პარტიებთან კოორდინაციაში აგრძელებს თბილისში ხმების დასაცავად ბრძოლას.

„დღეს თბილისის საკრებულოში უმრავლესობის საკითხი  – თუ ვის ეკუთვნის უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ თუ ოპოზიციას, გადის ერთადერთ მანდატზე.

ამ ვითარებაში „ლელოს“ იმისთვის, რომ მიიღოს ეს ერთი მანდატი და გაიყვანოს მეორე ადამიანი, აკლია 0.6%, „გირჩს“, რომ გაიყვანოს მეორე ადამიანი, აკლია 0.7%, „დროას“ იმისათვის, რომ გაიყვანოს ერთი ადამიანი და ჰქონდეს მანდატი, აკლია 0.3%, ანუ ჩვენ გვაქვს საუბარი ძალიან ცოტა ხმაზე, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს.

ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი ყველა გადათვლის უბნიდან, მაგრამ ლოტოტრონით გადათვლისას  ვაკის 72-ე უბანზე „დროას“ ეწერა 0 ხმა,  აღმოაჩნდა – 20.  საბურთალოს 88-ე უბანზე, სადაც ეწერა 1 აღმოაჩნდა 18 ხმა. იმავე უბანზე მოემატა „გირჩს“ 2 ხმა,  ასევე მოემატა „გირჩს“ 6 ხმა სხვა უბანზე. საბურთალოს მე-17 უბანზე „ლელოს“ ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა – 115, რამაც კარდინალურად შეიძლება შეცვალოს არა მხოლოდ ერთი მანდატის ბედი, არამედ სრული სურათი.

ასევე, მე აღარ ჩამოვთვლი იმ უბნებს, სადაც ერთი-ორი ხმით იცვლება. მე გეტყვით ზოგად სტატისტიკას საქართველოს მასშტაბით ლოტოტრონით გადათვლის შედეგად 34%-ში შეიცვალა სურათი. ანუ, რეალურად, თუ ჩვენ გადავთვლით თბილისში უბნებს, რადიკალურად შეიცვლება პოლიტიკური სურათი, რადგან ჩვენ მეორე ტურში გავალთ საკრებულოში ოპოზიციის უმრავლეობით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მან ასევე ისაუბრა გუშინ ისნის საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის პროცესზე და აღნიშნა, რომ გუშინ ისანში ხმები გადაითვალეს მხოლოდ სიებით, რაც არასწორია და არ ასახავს რეალობას.

ელენე ხოშტარიას თქმით, მათ აქვთ სრული თანამშრომლობა სხვა ოპოზოციიურ პარტიებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებთან.

„დღეს მთავარი მოთხოვნაა, მოვითხოვოთ თბილისში უბნების გადათვლა, სრულიად დასაბუთებული ყველა საჩივრით, რომელიც აქვს ოპოზიციას. „დროამ“ შეიტანა 200 უბნის გადათვლაზე. ასევე, შეიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩმა“, „ლელომ“ ამიტომ ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ და მივაღწიოთ თბილისში ხმების გადათვლას, რაც მოგვიტანს გარდამტეხ სურათს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხმების გათავლის მოთხოვნასა და საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს პარტია „ლელო“. დღეს ბრიფინგზე პარტიის წევრებმა საბურთალოს მე-17 უბნის დისბალანსზეც ისაუბრეს, სადაც „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს 9 ხმა ჰქონდა, გადათვლის შემდეგ კი 125 ხმა დაუფიქსირდა და საჩივრის შემდეგ გამოსწორდა.

„ლელოში“ ამბობენ, რომ ამ მასშტაბის დისბალანსი არა, მაგრამ დარღვევა არის კიდევ 40 უბანზე, რომლის გადათვლასაც მოითხოვენ. პარტიის წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, თუ ეს დარღვევები გამოსწორდება, მეორე ტურის შემდეგ თბილისის საკრებულოში „ლელო“ კიდევ ერთი მანდატით შევა.

პარტიის წევრის, ლანა გალდავას ინფორმაციით, ისანში იყო ტოტალური დარღვევები. მან რამდენიმე უბნის მონაცემებზე ისაუბრა.

„მაგალითად, 26-ე უბანი, მეტობა – ჩაყრილი ბიულეტენი 70. მე-16 უბანი, მეტობა 28. მერვე უბანი მეტობა – 11. მე-2 უბანი ამომრჩეველთა რაოდენობა 1719 და მოვიდა, თურმე, 1752. მოვითხოვთ, გაიხსნას უბნები და ყველა უბანი გადაითვალოს, ოპოზიცია არის გამარჯვებული“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ ბიულეტენების ხელახალი დათვლის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

ცესკოს ცნობით, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ვალდებულება, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელახლა დაეთვალათ შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის ბიულეტენები.

ცესკოს ინფორმაციით, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს, ხოლო ცესკოს ცნობით, 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი.

„იყო ხარვეზებიც, რაც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება აისახა მონაცემებში. ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“, – ამბობენ ცესკოში. გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.