პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელია მოარული ხმების მიხედვით იმის თქმა, რომ ვიღაცამ განაცხადა, რომ ვიღაცისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ვიღაცას თითქოსდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან.
„მართალი გითხრათ, ანგარიშს მთლიანად არ გავცნობივარ, მაგრამ მოარული ხმების მიხედვით იმის თქმა, რომ ვიღაცამ განაცხადა, რომ ვიღაცისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ვიღაცას თითქოსდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ეს არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელია. გარდა ამისა, თუ დღეს ვინმე ცდილობს და რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს, ეს არის ხელისუფლება და “ქართული ოცნების” გუნდი. აქედან გამომდინარე, თავდასხმები ოპოზიციაზე იქნება თუ ოპოზიციის მხრიდან უმრავლესობის წარმომადგენლებზე და პარტიათა შეჯახება, ისეთ სფეროში, რაც ჯანსაღი დებატების სფეროს არ წარმოადგენს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ, – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება.
24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი აკვირდება წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, მათ შორის, ბრალდებებს პირადი ცხოვრებით მუქარაზე, და ოპონენტებზე ძალადობით ანგარიშსწორების შესაძლო ფაქტებს. ლომჯარიამ განაცხადა, რომ წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის არავის უგია პასუხი და მოსყიდვის, თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გამოკვეთილა დაზარალებული, თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.
მალევე ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. „არჩევნების დროს ძალადობის კლებასა და პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შესახებ მკაფიო ჩანაწერები გვხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.