მობილურიდან ინფორმაციის ამოღების პროცედურა რამიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა

პუბლიკა

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდებოდა, თუმცა პროცესი მიხეილ რამიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამგვარად მის პირად სივრცეში შეიჭრნენ.

„გუშინ ვაჩვენე „ვოთსაფში” მიწერ-მოწერა და დეტალურად 6 სურათი. გააკეთეს ე.წ. სქრინებიც. ამის შემდეგ წამოვედით, იმიტომ, რომ სპეციალისტს კიდევ ენახა ის 6 ფოტოსურათი. მე მეგონა, რომ 6 ფოტოსურათის კლონირება მოხდებოდა, არადა ამ დროს, მთელი ღამის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მოხდა.

ასევე, დღეს აღმოჩნდა, რომ მოხდა სხვადასხვა პიროვნებასთან 70 აუდიოჩანაწერის გადმოწერა. შესაძლოა, ამ 70 ადამიანში იყოს ჩემი ოჯახის წევრები, კლიენტები, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე ათასი ფოტოსურათი, არ ვიცი, კიდევ რისი კლონირება გააკეთეს. თურმე, ახლა უნდა დავჯდე გამომძიებლებთან, ექსპერტებთან ერთად და უნდა ვეძებო ამ რამდენიმე ათას სურათში სატელიტის 6 სურათი. თურმე იმათაც უნდა უყურონ ჩემს პირად სივრცეში არსებულ სურათებს და ავარჩიოთ ის 6 სურათი. მეორე – თურმე, ამ სატელეფონო 70 აუდიოჩანაწერს უნდა ვუსმინოთ. მერე, რომელიც მოეწონებათ და საქმისთვის მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ის უნდა გადმოვიწეროთ. გესმით რა ხდება?! ჩემს პირად სივრცეში შემოსულ ადამიანებს ჩემი პირადი ცხოვრება ვასმენინო?!“, – განაცხადა რამიშვილმა.

მას შემდეგ, რაც ამ მიზეზით მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზა დატოვა, პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამიშვილი მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ადგა და წავიდა, პროკურატურის ინტერესს კი მხოლოდ ფურცხვანიძესთან დაკავშირებული მასალა აინტერესებს.

„თუ დავით ფურცხვანიძემ მას ინფორმაცია გადაუგზავნა, ამის დადასტურება მისივე ინტერესში უნდა შედიოდეს. ჩვენს მიერ არ ხდება არარანაირი კლონირება, ისეთი ინფორმაციის გადმოტანა, რომელიც საქმეთან შემხებლობაში არ არის. არაერთხელ განვმარტეთ, რომ ინფორმაციის გადმოტანა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის შესახებ და სატელიტურ ფოტოებზე. თუმცა, მისი მოსაზრებაა და ალბათ, საკუთარი პოზიციისთვის სჭირდება, რომ ვითომ ჩვენ სხვა ინფორმაცია მოვიპოვეთ.

ორჯერ უკვე გაიქცა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო, გაურკვეველი მიზეზით ადგა და წავიდა“, – განაცხადა პროკურორმა. მისი ინფორმაციით, რამიშვილს, სავარაუდოდ, სასამართლოში დღესვე გამოკითხავენ.


მიხეილ რამიშვილს მობილური ტელეფონი გუშინ ჩამოართვეს.

პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ასევე სატელიტის ფოტოები.

„ჩემი მობილური ტელეფონი იქნა დალუქული და შესამოწმებლად მიაქვთ, რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან“, – თქვა მიხეილ რამიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან.