„მობრძანდით ჩვენთან, დედები გელოდებით“ - მშობლები თამარ გაბუნიას მიმართავენ

პუბლიკა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მშობლები მე-13 დღეა ღამეს კანცელარიასთან ათევენ. დღეს ისინი ელოდებოდნენ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. როგორც ამბობენ, იმედი ჰქონდათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აქონდროპლაზიის მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით მშობლებს რამეს ეტყოდა. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

„კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო მშობლების ერთიანი პოზიცია, ეს არ არის პროტესტი პროტესტისთვის, ჩვენი მიზანი არის შედეგი – წამალი. რადგან ქალბატონი თამარ გაბუნია ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის რეჟიმში, მოვუწოდებთ მას – მობრძანდით პირადად და აასრულეთ თქვენი სიტყვები. ჩვენ ვიგებთ ტელევიზიებიდან, რომ აუცილებელია ეს პრობლემა მოგვარდეს. მობრძანდით, ჩვენ თქვენს კართან ვართ, მაგრამ კარს არ გვიღებთ. მობრძანდით ჩვენთან, დედები გელოდებით”, – თქვა მაკუნა გოჩიაშვილმა.

ერთ-ერთი მშობელი ქეთევან ბეგიაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს. ის ამბობს, რომ ამაზე დიდი ტანჯვა არ არსებობს, როდესაც შვილისთვის წამალს ითხოვ და პასუხი არ არის.

„აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს? ჩვენ ახლა ნორმალურ მდგომარეობაში ვართ? მერე უნდა გამოვიდეს მთელი საქართველო? რატომ ვართ ცოტა? სად არიან დედები? სად არიან მამები? ამაზე დიდი ტანჯვა რა არსებობს. დღეს თუ ჩვენ დავმარცხდით და ჩვენი შვილები… კი ბატონო, ავიკრავთ გუდა-ნაბადს და წავალთ, მაგრამ მთელი საქართველო წახვალთ საზღვარგარეთ? რატომ არ ხართ ჩვენთან ერთად, რატომ ტირით ტელევიზორებთან, აქ მოდით და გვერდში დაგვიდექით“, – თქვა ქეთევან ბეგიაშვილმა.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები 10 დღეზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.