პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ინფორმაციას მოდელირებულს უწოდებს.
„მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა. რაც შეიძლება მეტი HA HA!“, – წერს თალაკვაძე Facebook-გვერდზე.
დღეს დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ის თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც საქართველოში ჩაწერილი არაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია და ის სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.