მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ამბიცია და ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე - თურნავა ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„საქართველოს საპატრიარქოდან წამოვიდა ძლიერი მესიჯი, ძლიერი მოწოდება და  ამ ფონზე, მსურს ხელახლა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, მათ, ვინც საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში – მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ამბიცია და ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე”, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რამდენიმე წუთის წინ სატელევიზიო ეთერში გააკეთა.

მინისტრის შეფასებით, დიალოგის და კითხვა-პასუხის ყველაზე სწორი ფორმატი არის სპეციალისტების ჩართვა. „ამაში დღესაც დარწმუნებული ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ აქტივისტებს უშუალოდ მინისტრებისგან სურთ პასუხების მოსმენა,  ჩვენ ეს პასუხები,  რა თქმა უნდა, გაგვაჩნია და მეც, ბატონი ლევან დავითაშვილიც, მზად ვართ, თუნდაც, 24-საათიან რეჟიმში, შედგეს შეხვედრა და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,“ – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს,  ნუ იტყვიან უარს დიალოგზე მისი თქმით, სხვადასხვა ხელოვნური მიზეზების გამო.

„ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია მიზეზი, რომ მათ, დავუშვათ, შეხვედრა სურთ მხოლოდ კონკრეტულ რანგთან, მაგრამ  მზად ვართ, რომ ყველა მათ კითხვას გავცეთ პასუხი. იმედი გვაქვს,  რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, შეწყდება რადიკალური მოწოდებები და დაუბრუნდება პროცესი დიალოგის მაგიდას. ამიტომ მოვუწოდებთ აქტივისტებს, ნუ იტყვიან უარს დიალოგზე, ნუ იტყვიან უარს, მოისმინონ კითხვებზე პასუხები, თუ მათ რეალურად აინტერესებთ ამ პასუხების მოსმენა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ულტიმატუმები – ეს არის დამღუპველი გზა და კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტივისტებს, სწორედ  ამაში გამოიჩინონ ძირითადი პატრიოტიზმი და უმნიშვნელოვანეს პროექტზე საუბარი შედგეს დიალოგის მაგიდასთან მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში.

მინისტრის კომენტარის წერილობით ვერსიას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.