მოდით, სასამართლომ გადაწყვიტოს, რა უნდა იყოს ზომა – ცქიტიშვილი მელიაზე

პუბლიკა

ეს მთლიანად არის სამართალდამცავი სისტემის საკითხი. პროკურატურამ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, მიმართა მეორე დამოუკიდებელ ორგანოს და მოდით, სასამართლომ გადაწყვიტოს, რა უნდა იყოს ზომა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

დღეს საქართველოს პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

„გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას მოითხოვს“, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში მოისროლა.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდების შესახებ შეკითხვაზე განაცხადა, რომ, მისი აზრით, ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი ნაბიჯი არ იქნება.


პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება  წარუდგინა. 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

26 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რათა სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდება გამხდარიყო შესაძლებელი.

სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო განუსაზღვრა, თუმცა დამატებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მის მიმართ ასევე გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი და დაუმაგრეს შესაბამისი სამაჯური.