„მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის, ამ სამაჯურს მე ხელზე არ გავიკეთებ“ - ნიკა მელია

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში მოისროლა.

„ერთიანი ნაციონალური მოძარობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას ხელისუფლებამ, ის ამ სამაჯურს ხელზე აღარ გაიკეთებს:

„ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ გააკეთებს, საზიანო იქნება თავისთვის. მჯერა ამისა… იმდენად პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდია და მორალურად არასწორ მხარეს დგანან…

გუნდი, რომელიც ვითომ არჩევნებს ატარებს იარაღით, ძალადობის მუქარით, საარჩევნო უბნების დარბევით და ვითომც არაფერი, აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია, ჩემს ხელზე ეს სამაჯური იქნებოდა თუ არ იქნებოდა, ეს ხომ არ არის სამართლებრივი სახელმწიფო… მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს აინტერესებთ, ეს სამაჯური მე ხელზე მიკეთია თუ არ მიკეთია.

მე ვთქვი, რომ ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ და ასეც იქნება. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს ივანიშვილმა. ამ ბატონს თავს არ დაუხრის აღარავინ, ამ ქვეყანას ვერ მოხუფავს და ვერ დააკონსერვებს, ამ ქვეყნისგან ვერ შექმნის მის საკარმიდამოს. ხელისუფალი, რომელიც მსგავს ნაბიჯებს დგამს, კიდევ ერთ მესიჯს უგზავნის საზოგადოებას, რომ ენარცხება მიწაზე.

სხვადასხვა შტო ხომ არ არის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ჩვენ არ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც შტოები დამოუკიდებელია ერთმანეთისგან… მე მეგობრებთან ერთად მზად ვარ, ბოლომდე ბრძოლისთვის და ეს ბოლო ბრძოლა იქნება ხალხის გამარჯვებით დამთავრებული. ამ სამაჯურს მე ხელზე არ გავიკეთებ, გამორიცხული ამბავია.

თუ აქვს იმის იმედი, რომ ამ სამაჯურს ხელზე გავიკეთებ, ცდება ივანიშვილი. ის უფრო უნდა ფიქრობდეს, ელექტროსამაჯურით გამოძვრება ადრე თუ გვიან ამ მძიმე დანაშაულების ჩადენის შემდეგ თუ სხვა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუწევს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება  წარუდგინა. 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

26 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რათა სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდება გამხდარიყო შესაძლებელი.

სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო განუსაზღვრა, თუმცა დამატებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მის მიმართ ასევე გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი და დაუმაგრეს შესაბამისი სამაჯური.