მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია - DRI

პუბლიკა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია.

2023 წლის 15 იანვარს ყვარელში საჯარო ლექციის ჩასატარებლად ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს ევრო-ატლანტიკური ცენტრის შენობაში შესვლის და ლექციის ჩატარების საშუალება.

„ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. ხელისუფლებამ 2021 წლის 5 და 6 ივლისს ჩადენილი ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობით, თავისუფლად მოქმედებისკენ წაახალისა მოძალადე ჯგუფები. ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მოქმედებამ გააძლიერა ეჭვი, რომ ხელისუფლება შეიძლება თავისი პარტიული მიზნებისთვის იყენებდეს მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორებს.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს აშკარა იყო სამართალდამცავების უმოქმედობა.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართალდამცავების განზრახ უმოქმედობამ ხელი შეუწყო მოძალადე ჯგუფებს, მიეღწიათ მიზნისთვის და შეეზღუდათ ლევან ბერძენიშვილის გამოხატვის თავისუფლება“,- ნათქვამია განცხადებაში.

DRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

უარი თქვას მოძალადე ჯგუფების წახალისების აშკარა პრაქტიკაზე.

ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არაორაზროვნად და ცალსახად დაუჭირონ მხარი გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას.

სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და მყისიერად მოახდინონ რეაგირება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებზე.

ძალადობრივი და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო ამბობს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილს ლექცია მათი ორგანიზაციის წევრებმა არ ჩაატარებინეს.