მოძრაობა „ხმა" პრეზიდენტს ლევან ზურაბაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

მოძრაობა „ხმა” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ლევან ზურაბაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფი პირებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაშია მსჯავრდებული. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

„თუ ლაზარეს ცეცხლის წაკიდებას ედავებოდნენ, ლევან ზურაბაშვილი მეოთხე წელია სათამაშო პისტოლეტისთვის ზის ციხეში. რასაც ლევანი დაუპირისპირდა, ავთვისებიან სიმსივნესავით გვაქვს მოდებული საერთო სოციალურ სხეულზე. ძარცვა და დამცირება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვალით და ძარცვით დატანჯული ჩვენი ხალხისთვის პირიდან ლუკმის ამომრთმევი ბანკების, სლოტ-კლუბებისა თუ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა ბანდიტიზმის ნაირსახეობად განიხილება – ინსტიტუციონალიზებულ ბანდიტიზმად. პოლიტიკური კლასის ძირითადი ნაწილი ან მათგან მომდინარეობს, ან მათი მოკავშირე და ლობია. ხოლო ამ ბანდიტების მიმართ შურისმაძიებლობა აღიქმება როგორც მორალური შეთქმულება ჩაგვრის და მჩაგვრელის წინააღმდეგ. ამ შეთქმულებაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს და დაინახავს საკუთარ ადგილს.

მივმართავთ პრეზიდენტს: გაათავისუფლეთ ტყუილუბრალოდ დასჯილი, შეიწყალეთ ლევან ზურაბაშვილი. ეს იქნებოდა გამორჩეულად სამართლიანი და სახალხო გადაწყვეტილება, რაც კი პრეზიდენტად ყოფნის დროს მიგიღიათ”, – ვკითხულობთ მიმართვაში.

მოძრაობა განცხადებაში გათავისუფლებას ულოცავს ლაზარე გრიგორიადისს – „დაუმტკიცებელი ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობისთვის ახალგაზრდა ადამიანის გაწირვა და ამის დაჟინებული მოთხოვნა ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილის მხრიდან გამაოგნებელია და სამარცხვინო”.


2020 წლის 20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შევარდა და როგორც შემდგომში გაირკვა, არანამდვილი იარაღის (პისტოლეტის და ხელყუმბარის) მუქარით წამოაყენა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ორი ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით. საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ სააპელაციომ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა შედარებით უფრო მსუბუქ მუხლზე, კერძოდ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე და საბოლოოდ, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უზენაესმა სასამართლომ კი, დააკმაყოფილა რა პროკურატურის მოთხოვნა, ბრალი კვლავ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლზე გადააკვალიფიცირა და ჯამში კვლავ 9 წელი მიუსაჯა.