ლევან ზურაბაშვილს უზენაესმა სასჯელი დაუმძიმა და ისევ 9 წელი მიუსაჯა

ნათია ამირანაშვილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფი პირებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებულ ლევან ზურაბაშვილს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და ისევ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მსჯავრდებულის  ადვოკატმა, ბექა ჯანელიძემ განუცხადა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ზურაბაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი – ორი ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით. საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ სააპელაციომ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა შედარებით უფრო მსუბუქ მუხლზე, კერძოდ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე და საბოლოოდ, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უზენაესმა სასამართლომ კი, დააკმაყოფილა რა პროკურატურის მოთხოვნა, ბრალი კვლავ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლზე გადააკვალიფიცირა და ჯამში კვლავ 9 წელი მიუსაჯა.

დაცვის მხარის პოზიცია

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ზურაბაშვილის ქმედება შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლს – „იძულებას“. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ზურაბაშვილს განზრახული არ ჰქონდა მიკროსაფინანსო კომპანიაში მყოფი ადამიანების საფრთხეში ჩაგდება.

ადვოკატები ამბობენ, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირისთვის გადაადგილების შესაძლებლობის ობიექტურად წართმევასთან. „იძულების“ შემთხვევაში კი [რაზე გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვდნენ], როგორც წესი, პირს გადაადგილების შესაძლებლობა ობიექტურად წართმეული არ აქვს. დაცვის მხარის პოზიციით, ის ფაქტი, რომ მუქარით შეშინებული პირი არ გადაადგილდება, წარმოადგენს მის იძულებას.

იძულების მუხლი კანონში ასეა განმარტებული:

„ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“. ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით, ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


2020 წლის 20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შევარდა და როგორც შემდგომში გაირკვა, არანამდვილი იარაღის (პისტოლეტის და ხელყუმბარის) მუქარით წამოაყენა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე.