მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს.

მოძრაობაში ამბობენ, რომ „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის ინიციირებისას, საჯარო სივრცეში, რამდენიმე მედიასაშუალებით ასევე ბრიფინგების დროს, მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და კანონის ინიციატორების მიერ ამ კანონის მიღების აუცილებლობა აიხსნა, მათ შორის, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის მაგალითით.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოძრაობის სულისკვეთება საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაიზიარა და არაერთი ადამიანი აქტიურად იყო ჩართული 554-დღიან პროტესტში, გვიწოდეს „რუსეთისაგან მართული“.

მოგმართავთ, რათა შექმნათ შესაბამისი მედიაფორმატი, რომ შევძლოთ სამართლიან და თანაბარ გარემოში, შინაარსობრივად და გამჭვირვალედ, განვიხილოთ აღნიშნული საკითხი, რომ არჩეულ ხელისუფლებას არ ჰქონდეს პრივილეგია, სამთავრობო ტელესივრცეში ოპონირების გარეშე საკუთარ მოსახლეობას მიაკეროს „აგენტის“ იარლიყი”, – ამბობენ მოძრაობაში.


2022 წლის 24 მარტს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში იყო გაფორმებული.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა ხანგრძლივი პროტესტი.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ირგვლივ გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.