კობახიძე: მალე იქნება რეესტრი და გაიგებთ, ვისგან ფინანსდებოდა ნამახვანჰესის მშენებლობის დაბლოკვა

პუბლიკა

მმართელი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული პრორუსული კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სულ მალე, რამდენიმე თვეში, საზოგადოებას ექნება საშუალება, „აგენტების რეესტრი“ იხილოს.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანონპროექტი, ფაქტობრივად, მიღებულია და რეესტრიც რამდენიმე თვეში გაჩნდება. ასევე, როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ამ რეესტრით გაიგებს საზოგადოება, ვისი დაფინანსებით „დაიბლოკა ნამახვანჰესის მშენებლობა“.

„ასევე, მაგალითად, შეგახსენებთ იყო ნამახვანჰესის მშენებლობის თემა და კონკრეტული უცხოური წყაროებიდან –შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება იყო სხვა, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვაში, რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასთანადოდ უზრუნველყოფას. ეს იყო მთავარი მიზანი.

მე არ გავუსწრებ მოვლენებს, რამდენიმე თვეში… რუსულიც ოყო, მაგრამ არარუსულიც იყო. როდესაც დაიდება რეესტრი, იქ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსდებოდა და რისთვის ფინანსდებოდა, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება ჩამოიყალიბებს აზრს,  ვის ინტერესში შედიოდა ამ ჰესის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებებოი. საზოგადებეას რამდენიმე თვეში ექნება ამის საშუალება“, – თქვა კობახიძემ.


2022 წლის 24 მარტს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში იყო გაფორმებული.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა ხანგრძლივი პროტესტი.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ირგვლივ გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.