„მოგვეცით უფლება, ვისწავლოთ“ | სტუდენტებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს

პუბლიკა

„მოგვეცით უფლება, ვისწავლოთ; არ შემიჩერო სტატუსი“, – ამ ლოზუნგებით დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა „პუბლიკასთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ისინი სწავლის საფასურის შემცირებას მოითხოვენ.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ შემცირდეს სწავლის საფასური ქართველი სტუდენტებისთვის და აღუდგეთ სტუდენტური სტატუსი მათ, რომლებსაც სტატუსი კოვიდპანდემიის გამო შეუჩერდათ. აგრეთვე მოვითხოვთ, შეიქმნას მოლაპარაკებების პლატფორმა, სადაც უწყებები და ჩვენ, სტუდენტები ერთად განვიხილავთ ამ თემებს. პირველ რიგში, ველოდებით მთავრობისგან კომენტარს ამ თემაზე“, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თორნიკე გეგეჭკორი.

კიდევ ერთი აქციის ორგანიზატორი, ოთო გიორგაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სტუდენტები ასევე ელოდებიან მთავრობის გადაწყვეტილებას იმ პეტიციაზე, რომელიც მათ ამავე – სწავლის გადასახადის შემცირებისა და სტუდენტური სტატუსის აღდგენის  – მოთხოვნით, ერთი თვის წინ შეიტანეს.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, სამთავრობო გვერდზე ჩვენ შევადგინეთ პეტიცია, რომელზეც უკვე 100 ათას ხელმოწერაზე მეტი შეგროვდა. პეტიცია გადაეგზავნა მთავრობას და დაიწყო მისი განხილვა, თუმცა განხილვას სჭირდება სამი თვე. დაახლოებით 42 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი იყო 2020 წლამდე, თუმცა, 2020 წლის შემდეგ, 76 ათასი სტუდენტია, რომლებიც ვერ იხდიან სწავლის საფასურს და რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ. პეტიციის განსახილველად მთავრობას ვადა აქვს 3 თვე. ეს დრო არის ძალიან ბევრი, რადგან 76 ათასი სტუდენტი ელოდება უნივერსიტეტში სტატუსის აღდგენასა და განათლების მიღებას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, გიორგი გახარიასთვის მიგვემართა წერილით, სადაც ვითხოვთ, რომ დაჩქარდეს ჩვენი პეტიციის განხილვა, რადგან ყველას შეეძლოს სტატუსის აღდგენა და განათლების მიღება“, – აღნიშნავს ოთო გიორგაძე „პუბლიკასთან“.