სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად დუმილის აქცია გაიმართა

პუბლიკა

ორგანიზაციებმა – „პროგრესის ცენტრმა“ და  ანა დოლიძის „მოძრაობა ხალხისთვის“ „მწვანეებთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით დუმილის აქცია გამართეს.

ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის, თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებთან სტიკერები გააკრეს წარწერებით – „75 000“ და „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე“. აქციის მონაწილეებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის გადასახადის განახევრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

„პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარე, ელენე ელბაქიძე აცხადებს, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ.

„18 დეკემბერს  პარლამენტში შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და 22 დეკემბერს მივმართეთ 4 ძირითადი კითხვით, გავმართეთ აქცია პერფორმანსი, შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ საკითხს გამოეხმაურა ბევრი პოლიტიკური პარტია და პარტიების ახალგაზრდული ფრთები, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკურად აქტიური პრობლემაა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ისევ დუმს. ამიტომ დღეს ჩვენ ვმართავთ დუმილის აქციას და გავაგრძელებთ ბრძოლას“. – ამბობს ელენე ელბაქიძე.