მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები - თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებს მიმართავს

პუბლიკა

თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებს სთხოვს, თუ მოახერხებენ, ზოოპარკში მიიტანონ ჩიჩილაკები და ბუნებრივი ნაძვის ხეები, რადგან ისინი ზოოპარკის ბინადრებს ახალისებს.

„თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს: ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე.

თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა – ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.

ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, – წერს თბილისის ზოოპარკი Facebook-ზე.