მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან - ტიკარაძისა და თურნავას განმარტება

პუბლიკა

მოიხსნება თუ არა 24 დეკემბერს რეგულაციები?! – დღეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე განცხადებები გააკეთეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

„გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით არ მიგვიღია, ვინაიდან მნიშვნელოვანია სტაბილიზაციის კლებისკენ წაყვანა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ მსჯელობას და ასევე – კომუნიკაციას კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, მოიხსნება თუ არა რეგულაციები“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

თურნავას თქმით კი, საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდსიტუაციას და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვადევნებთ თვალყურს და, აქედან გამომდინარე, თუ რამე დაზუსტდება, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საკოორდინაციო საბჭო იკრიბება და ამის შესახებ იქნება ცნობილი.ამ ეტაპზე ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. რაიმე სხვა სიახლე ჯერჯერობით არ გვაქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


დღეს, 14 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3498.

26 ნომბერს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად, 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება – ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.