„მოისმინეთ ჩვენი მოსაზრებები" — საზმაუს თანამშრომლები შალვა პაპუაშვილს შეხვედრას სთხოვენ

პუბლიკა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მიმართვა გამოაქვეყნეს – ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს შეხვედრას და მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლის საკითხზე საუბარს სთხოვენ.

თანამშრომლები მიუთითებენ, რომ დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ პარლამენტის მიერ I მოსმენით მიღებული კანონპროექტი მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და „ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს”.

„დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან.  სამაგიეროდ, სრულად ეწინააღმდეგება ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა, ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები”. – ნათქვამია საზმაუს თანამშრომლების მიმართვაში. 

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტს.

კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის დაფინანსებას „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით“.

პროექტით შემოთავაზებულია, რომ მაუწყებელი, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

კანონპროექტის მიხედვით, საზმაუს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.

საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება, წინა წელთან შედარებით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზრდა ყოველი კონკრეტული ფისკალური წლისთვის დაკავშირებული იქნება მაუწყებლის სპეციფიკური საჭიროებების, მიზნების, გასაწევი მომსახურებისა და მანდატის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, კონკრეტული წლისათვის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი მთლიანი ფინანსური რესურსების შესაბამისად.

პროექტით გათვალისწინებულია ამ ცვლილების ამოქმედება 2024 წლის 1 იანვრიდან. 

საზმაუს მენეჯმენტის აზრით, დაფინანსების წესის შეცვლა სარისკოა მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის.