ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ რეისი, რომლითაც მოხალისეები უნდა წასულიყვნენ უკრაინაში საბრძოლველად, გაუქმდა. მისი თქმით, ფრენის გაუქმების მიზეზი უცნობია.
ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით უკრაინის საელჩოს არ დაუდასტურებია.
„მიზეზი არანაირი არ დასახელებულა, რატომ შეიძლებოდა ეს ფრენა არ შესრულებულიყო. ამ რეისზე თვითმფრინავი არც გამოფრენილა, რადგან ჩვენმა მხარემ არ მისცა დაფრენის უფლება“, – თქვა მან.
ქაცარავამ აღნიშნა, რომ ფრენა უკრაინის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. როგორც ის ამბობს, მოხალისეების ჯგუფი აუცილებლად გაემგზავრება უკრაინაში.
„არ ვიცი, ავიაკომპანიის სახელი, მაგრამ ეს გაფრენა დააორგანიზა უკრაინის საელჩომ. ჩვენ მათ გამოცხადებულ ინიციატივაზე მოხალისეებთან დაკავშირებით გამოვეხმაურეთ, ჩავეწერეთ, გავემზადეთ წასასვლელად. ეს იყო უკრაინის საელჩოს ორგანიზება და ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ინტერნაციონალურ ლეგიონში, რომელიც დაფუძნდა გუშინ ზელენსკის პირადი ბრძანებით, რომელშიც ჩადიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისეები. ჩვენ აეროპორტში შევიკრიბეთ ყველა, 7 საათზე უნდა შემდგარიყო ფრენა. შემდეგ გამოგვიცხადეს რომ გაუქმდა ფრენა“, – თქვა მან.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს და ღარიბაშვილს მოუწოდებს, გამოიჩინოს გამბედაობა და გასცეს ფრენის ნებართვა.
„პუბლიკა“ ცდილობს უკრაინის საელჩოსთან და საქართველოს სხვა ოფიციალურ უწყებებთან დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას.