მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება - პროკურორი ე.წ. სატელიტის ფოტოების შესაძლო გაყალბებაზე

პუბლიკა

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან”, – წერს პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება”, – წერს პროკურატურა.

პროკურატურის ბრიფინგის საპასუხოდ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტების თანდასწრებით დაურეკა პირს, რომელმაც, რამიშვილის თქმით, მას სატელიტის კადრები გაუგზავნა.

სატელეფონო საუბარში რამიშვილმა მას დავითით მიმართა და ჰკითხა, სურს თუ არა, რომ მისი პერსონალური მონაცემები პროკურატურასთან და მედიასთან გაასაჯაროოს.

რამიშვილი: მზად ხართ, რომ მე დავასახელო თქვენი სახელი და გვარი, რომელმაც გამომიგზავნეთ სურათები და გამოძიებას ამომწურავად გასცეთ პასუხი?

დავითი: კი ბატონო-მეთქი, გითხარით. ამ წუთში შეიძლება, ვერ გავცე პასუხი, მაგრამ მზად ვარ. [ბაჩალიაშვილის] დაღუპვის კი არა, მთლიანობაში მანდ რა საქმეცაა, მაგას ძალიან ადრე ვიკვლევდი და თუ აინტერესებთ, შემიძლია ვუთხრა. ეს არ არის ჩემთვის ცენტრალური საკითხი, მაგრამ მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა, რომ ეს გოგონა მოკლულია და არაა თვითმკვლელობა.