მოხდება უმკაცრესი რეაგირება - ღარიბაშვილი ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე

პუბლიკა

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება. ღარიბაშვილი დაღუპული მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ შემთხვევას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


დღეს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.

LB loan image desktop LB loan image mobile