მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის – კაპანაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის, სერიოზულად და კონსტრუქციულად განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც შეეხება ახალ არჩევნებს, ხოლო სხვა ყველა წინადადება ოპოზიციის მხრიდან მკაცრად იქნება  უარყოფილი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ არ მიაღწიეს შეთანხმებას ახალი არჩევნების ირგვლივ, მაშინ იქნება ერთპარტიული პარლამენტი და მეტი შანსი, რომ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდეს.

„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის. ველოდებით კონკრეტულ წინადადებას „ქართული ოცნების” მხრიდან. ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი კონსულტაციები, ისევე, როგორც ოპოზიციის შიგნით, ჩვენ მზად ვართ, რომ სერიოზულად განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც შეეხება არჩევნების ჩატარებას, მის ირგვლივ ნებისმიერ დეტალზე მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად. ოღონდ, კარგად უნდა ესმოდეს ყველას და „ქართულ ოცნებას” პირველ რიგში, რომ თუ ისინი აპირებენ, წინადადება მოიტანონ სხვა საკითხზე, ისე, რომ ეს არ ეხებოდეს არჩევნებს, ამაზე ჩვენგან იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია და ჩვენ ამას არ განვიხილავთ.

თუ იქნება შეთანხმება ახალი არჩევნების შესახებ, შეიძლება იყოს შანსი ამ კრიზისის დაძლევის, თუ არ იქნება, მაშინ  ეს ამ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაპირობა იქნება და რა თქმა უნდა, ერთპარტიული პარლამენტის”, – განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. 20 ნოემბერს კი ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.