არსებობს ხელისუფლების დათმობის სხვა შესაძლებლობები, რომლის მოლოდინიც აქვს ოპოზიციას – მეგრელიშვილი

პუბლიკა

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებს ესმით ვითარების სიმძიმე და მზად არიან, კონსტრუქციული წინადადებების მისაღებად;

მეგრელიშვილს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ წინადადება, რომელსაც მედიატორებთან ათანხმებს, იქნება სერიოზული.

„იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნების“ წინადადება, რომელსაც ათანხმებს მედიატორებთან, იქნება ისეთი სერიოზული, რომ მისი განხილვა ოპოზიციის შიგნით შესაძლებელი იქნება. გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია მოწადინებულია, ოპოზიციის ბევრ ლიდერს ესმის სიტუაციის სიმძიმე. ოპოზიცია მზად არის, კონსტრუქციულ წინადადებას მიუდგეს შესაბამისად“, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ოპოზიციას ხელისუფლებასთან ასეთი მოთხოვნა აქვს – საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ახალი არჩევნები.

„ოპოზიციას მაგიდაზე დადებული აქვს ერთი წინადადება. თუ „ქართული ოცნებისთვის“ ეს წინადადება მიუღებელი იქნება, ისმის კითხვა: არსებობს თუ არა სხვა წინადადებები, რომელიც ოპოზიციისთვის შესაძლოა მისაღები იყოს.

ამ კითხვის გაგრძელება იყო ზურას [ჯაფარიძის] ნათქვამი სასამართლო რეფორმაზე.

არსებობს ქვეყანაში თემები, რომლის დათმობაც შინაარსობრივად ნიშნავს ზუსტად იმავეს, რასაც ოპოზიცია მოითხოვს აი, ამ ფორმით, რიგგარეშე არჩევნების ფორმით. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში სასამართლო რომ გვქონდეს, ხომ არ დაგვჭირდებოდა ეს პროცესები. ჩვენ წავიდოდით სასამართლოში და სისხლის სამართლის დამნაშავეების დასჯას მოვითხოვდით. თუ ისინი არ აღმოჩნდებოდნენ დამნაშავეები, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ ოპოზიცია ტყუის, რის გამოც გადაიხდიდა პოლიტიკურ ფასს.

სასამართლო კი არ არის წინადადება, ეს არის მაგალითი, რომლის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია.

მხარეები რომ შეთანხმდენ ამაზე, ეს კანონში ერთი ცვლილებით ვერ მოხდება. უნდა არსებობდეს ნდობა და ამ ნდობის ფარგლებში რამე ნაბიჯები გადაიდგას. ეს ნდობა არ არსებობს.

ისეთი საკითხი უნდა მოვიდეს, რომლის დაჯერებაც იქნება შესაძლებელი, თუნდაც ჩვენი მედიატორების ხათრით. სასამართლოს დათმობა ნიშნავს ხელისუფლების დათმობას, ამიტომ ეს ხელისუფლება ამაზე არ წამოვა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, არსებობს ხელისუფლების დათმობის „სხვა შესაძლებლობები“, რომლის მოლოდინიც აქვს ოპოზიციას, თუმცა მმართველი გუნდიდან კონკრეტული წინადადების მიღებამდე ის ამ საკითხებზე ღიად არ საუბრობს.