მოლაპარაკების V რაუნდი | რას აცხადებენ მხარეები

პუბლიკა

მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს საკანონმდებლო მუშაობა განახლდა. რამდენიმე კომიტეტმა დებულების შემუშავებისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევისთვის სხდომა გამართა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ხელისუფლებაც  და ოპოზიციის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა არსებობს, თუმცა როდის გაიმართება მე-5 რაუნდი, ჯერ ცნობილი არაა. ამ პროცესის პარალელურად დღეს პირველი იყო „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც პარლამენტში მანდატის დატოვების შესახებ იფიციალური განაცხადი შეიტანა.

„დღეს ბარდება განცხადება ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რადგან არჩევნები გაყალბდა მასობრივად და ივანიშვილმა დაამყარა ტირანული დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში. პროტესტი იქნება აქტიური, პარლამენტი ვერ შედგება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ , „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიის გაწვევის შესახებ განცხადებები ცესკომ მომდევნო 2 დღეში უნდა დააკმაყოფილოს, ამის შემდეგ უკვე დაწერილ განცხადებებს პარლამენტის არჩეული დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენენ, რომელსაც ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ამ პროცესის მიუხედავად, ოპოზიცია მზად არის, მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდეს. მოლაპარაკების საგანი კი მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა შეიძლება გახდეს.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის, ოღონდ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალი არჩევნების ირგვლივ, არ იქნება და იქნება ერთპარტიული პარლამენტი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეთ, რათა ახალი არჩევნების შანსი იქნას გამოყენებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ წასვლით ან რაიმე პოზიციას ვთმობთ, ან მანცდამაინც გვჯერა „ქართული ოცნების” კეთილი ნებისა და დაპირების, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ როდესაც იმ ადამიანს გონება გადაუბრუნდება თუ გადმოუბრუნდება და გონს მოეგება, არსებობდეს ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება.

რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ლიმიტები აქვს, რაღაცა პერიოდის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფორმატიც ამოწურავს თავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის მცირე ფანჯარა შესაძლებლობის.“ – განაცხადა კაპანაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროცესი ჩიხშია და ის მოუწოდებს მხარეებს, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც უფრო ჩიხში შეიყვანს პროცესს.

„ამ ეტაპისთვის, როგორც მე ვიცი, ყველა ოპოზიციური პარტია მზად არის მოლაპარაკებისთვის, მე განსხვავებული აზრი არ მომისმენია ამასთან დაკავშირებით, წინაპირობების დაყენება, რაც გვესმის „ოცნების“ მხრიდან, ვფიქრობ, ხელს უშლის ამ პროცესს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მოლაპარაკების დასრულებამდე არც სიის განულებისა და არც მანდატების გაუქმების განცხადებას არ წერენ „მოქალაქეები“, „გირჩის“ სამი წევრი და „რესპუბლიკელები“.

„როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს, ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ“, – განაცხადა მედიაცენტრ „მთავარში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე უფრო მნიშვნელოვანი „გირჩისთვის“ პროპორციული არჩევნებია ბუნებრივი ბარიერით, თუმცა, მისი თქმით, ეს წინადადება არასრულფასოვანია.

„ამ წინადადების მიხედვით, ბარიერი კვლავ იარსებებს 3%-იანი, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები უფრო პროპორციული გახდება, 40/10 ზე სქემაა შემოთავაზებული თბილისის საკრებულოში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებდით სრულად პროპორციულ არჩევნებს, გამოვიდოდით და ღიად ვიტყოდით, რომ პროპორციული არჩევნების დადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის გაუგებარი პლებისციტი ან ასეთ კრიზისულ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 14 დეკემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად რესურსი არსებობს და იმედი გამოთქვა, რომ „ჯანსაღი პოლიტიკური ძალები“ იმოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

„ამას, სამწუხაროდ, მიაღწიეს, თუმცა ვფიქრობ, რესურსი არსებობს მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

პირდაპირ მისწერეს მათ ელჩებს, რომ არ უნდოდათ მეორე დღეს მოლაპარაკებებზე მოსვლა;

ისინი თავიანთ მოთხოვნას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აფუძნებდნენ არჩევნების გაყალბების მტკიცებაზე.

ამ დროს ჩვენ გამოვდივართ და ბრიფინგზე ვაცხადებთ რას, რომ გადათვალონ ნებისმიერი ფორმით საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მონაცემები და თუ მინიმალური გადახრაც კი დაფიქსირდება, მაშინვე ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს – რაც იყო მათი მთავარი მოთხოვნა, რაც ეფუძნებოდა გაყალბების მტკიცებას; ამის მერე კიდევ რომ მაგიდას აყირავებ, ბუნებრივია, ეს არის საბაბი“, – აცხადებს კობახიძე.