მომავალი არ აქვს ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვისთვის თავს უტეხენ – ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია

პუბლიკა

„ქვეყანას, სადაც ახალგაზდრებს ლოცვისათვის თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს!“, – ასე ეხმაურება საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესის განცხადებით, ქვეყანაში, რომელიც დეკლარირებულად ევროპული ორიენტაციისაა, ახალგაზრდებს თავს უტეხენ ლოცვის გამო.

„საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში“, – აღნიშნულია საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია მიმართავს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს არა მარტო ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე, არამედ ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც დღემდე მომხდარა და რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული.

„ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვივებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით. ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს. საქათველო არ არის დაყოფილი მუსლიმებისა და ქრისტიანების მიწებად. ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისაა, მათი რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად.

ჩვენ მივმართავთ ასევე იმ სარწმუნოების მესვეურებს, რომელთანაც თავს აიგივებენ სხვადასხვა ჯურის რელიგიური მოძალადეები: დაგმეთ საჯაროდ ძალადობა და ხელს ნუ შეუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას. ეს თქვენი უწმიდესი მოვალეობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.