მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე - ესტონეთის პრეზიდენტი

პუბლიკა

ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით საქმით.

„ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირის რეფორმის გზაზე და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე და ევროკომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესრულების გზაზე. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით საქმით. ეს დავადასტურე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც და აღნიშნა, რომ ესტონეთის „ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“.