მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

პუბლიკა

75 წლის ასაკში  მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ წევრი თემურ წიკლაური გარდაიცვალა. ინფორმაცია წიკლაურის ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურეს.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).