მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის „თელასი" 50 000, „თელმიკო“ 75 000 ლარით დაჯარიმდნენ

პუბლიკა

სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო „თელასი“ 50 000, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს უთხრა, „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიმართ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო, რაც შეეხება „თელასს“, შედარებით მსუბუქ ჯარიმას მიმართეს.

„გარდა დაჯარიმებისა, კომპანიებს მიეთითებათ, რომ ზედმეტი დარიცხვები დააკორექტირონ უახლოესი ერთი თვის ვადაში და მარეგულირებელ კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია დაკორექტირების შესახებ. ამის შემდეგ ყველა მომხმარებელთან მიმართებაში აღრიცხვები და დარიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მხრიდან კვლავ იქნება მსგავსი ხასიათის დარღვევა, ჯარიმები გაორმაგდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკმა 75 ათასი ლარით დააჯარიმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.

დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას.