მონსტრებისა და ჩმორების კორპორაცია – ოპოზიციის შეფასება რურუას განაჩენზე

პუბლიკა

„ეს სასამართლო სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია. საჯიჯგნად მთლიანად მთელი სასამართლო ივანიშვილმა ჩაუგდო ხელში თავის ყმა მურუსიძეს“, – ასე გამოეხმაურა  პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

დღეს „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

„ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ ჭილოფში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როცა გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს.  ამიტომ ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, სიახლე არ არის.

აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, რაც მთავარია. მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ. „ქართულ ოცნებას“ ერთი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, როცა მოვიდა ხელისუფლებაში გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. ჩვენ დღეს საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ეს ცარიელი კედლები. შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული, ჩმორი მოსამართლეები. ეს არის მონსტრებისა და ჩმორების კორპორაცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მოუწევთ მისი გამოშვება.

„ისევე, როგორც არ უნდოდათ წინა პოლიტპატიმრების გამოშვება, მაინც საბოლოო ჯამში მოუწევთ. არ მოუწევთ და გადაიხდიან დიდ ფასს. გიორგი რურუა არის ძალიან ყოჩაღად, რადგან მან იცის, რომ ის არის მსხვერპლი. ის არის პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ეს სისტემა დაინგრეს. კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ასეთი სასამართლო სისტემა საქართველოში აღარასდროს არ უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, რურუას ეხება ეს თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს. ასეთი მოსამართლეები, ასეთი პოლიტიკური დევნა არასდროს ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა იყოს“, – ამბობს ელენე ხოშტარია.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ, რაც მოხდა დღეს, ძალიან დამაზიანებელია  სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის.

„კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ უბრალოდ ქვეყანას სასამართლო არ აქვს. სასამართლო ხელისუფლება ქვეყანაში არ არსებობს და ყველა სახელმწიფოს ინსტიტუტი მიტაცებული აქვს რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს, რომელზეც გვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები კონგრესში, სენატში, ევროპარლამენტში და ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი ერთად უნდა დაასრულოს, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, რამდენიმე თვეში“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის 8 მარტის შეთანხმების დარღვევა: „რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურად განხორციელებული მართლმსაჯულების თაობაზე ქვეყანაში და ამას უპასუხეს დღეს გიორგი რურუას დაპატიმრებით  – კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს სამადაშვილი.