მოქალაქე ლექსო სამხარაძე რომელმაც რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, დღეს, 9 სექტემბერს 1000 ლარით დააჯარიმეს.
ინციდენტი 28 მაისს მოხდა. ლექსო სამხარაძემ ვიქტორ ჯაფარიძეს მონა უწოდა და სკანდირებდა: „არა რუსულ რეჟიმს”, „გაიქეცით, გაიქეცით, ვირთხებო”, „გარბიხართ ბიძინასთან, მონებო?
ჯაფარიძე ამ დროს მანქანაში იჯდა.
ვიდეოს მიხედვით, მანქანიდან მას პასუხს სცემენ. მალევე ლექსო სამხარაძე გინებას იწყებს, ხოლო „ქართული ოცნების” დეპუტატი მანქანიდან გადმოდის, მოქალაქეს ფორთოხალს ესვრის და აგინებს.
„დავიწყე პოლიტიკური მესიჯების გახმოვანება, მივყვებოდი სიტყვისა და გამოხატვის იმ ჩარჩოებს, რაშიც შემეძლო გამეპროტესტებინა რუსული კანონის მიღება. გურამ მაჭარაშვილმა ფანჯარა ჩამოსწია და ჩემი მიმართულებით გინება დაიწყო, რასაც მეც გინებით ვუპასუხე. ამას მოჰყვა ვიქტორ ჯაფარიძის მანქანიდან გადმოსვლა, სცადა ჩემკენ გამოწევა, რასაც მე უბრალოდ გავერიდე და გამოვიწიე. გამომეკიდა, აიღო ფორთოხალი, მესროლა. ამას მოჰყვა ჩემი დაცინვა და ბილწსიტყვაობა”. – თქვა ლექსო სამხარაძემ.
დღეს, 9 სექტემბერს სასამართლომ მიიჩნია, რომ ლექსო სამხარაძემ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს – და 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.