საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო POSTV-ისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამთავრობო ტელეარხ POSTV-ის ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია – მუხლი 154-ე.

საქმე ეხება 31 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ვიტალი გეგუჩიასთან  სახლში სამეგრელოში, სოფელ კახათში POSTV-ის სახე, ნათია ბერიძე ოპერატორთან ერთად მივიდა.

გეგუჩიას ცოლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არიან ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ნათია ბერიძე ვიტალი გეგუჩიას „მეგის ქარდავას ხელის ბიჭს” და „ჩახდილს” უწოდებს და სხვადასხვა ბრალდებას უყენებს.

„არ იდექი ჩახდილი? დარწმუნებული ხარ? მართლა? და მაგის გამკეთებელი რომ ხარ?” – უებნება ნათია ბერიძე.

პასუხად კი გეგუჩია მას აგინებს.

ის და მისი ოჯახის წევრები POSTV-ის ჯგუფს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც ნათია ბერიძე არ ემორჩილება და პროვოკაციული კომენტარების გაკეთებას აგრძელებს.

ხმაურის დროს ვიტალი გეგუჩიამ აგინა ოპერატორსაც, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა და გეგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს მიახტა/ფეხი დაარტყა. შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გეგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

საბოლოოდ სამთავრობო POSTV-ის ჯგუფმა გეგუჩიების სახლის ტერიტორია ხმაურის ფონზე დატოვა.

ვიტალი გეგუჩია თბილისში სურსათის მაღაზიის მფლობელია.

28 მაისს „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს, რომელიც მას რუსული კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა, იქვე მდებარე მაღაზიასი გასაყიდად გამოტანილი ფორთოხალი ესროლა. მომდევნო დღეს ჯაფარიძე ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა. თუმცა, მაღაზიის მფლობელმა ვიტალი გეგუჩიამ მას რომ “ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან [რუსული კანონისთვის ხმის მიცემით] შვილებს მომავალი წაართვა”.