„მოქალაქეები" ომბუდსმენობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეები” სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სახალხო დამცველის კონსენსუსით შერჩევა მნიშვნელოვანია და ის არის ნაწილი საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტისა, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.

„ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, ეს არის ქვეყნისთვის სწორი. ამ პარლამენტშიც სულ რამდენიმე ადამიანია ან შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი.

ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მიიღოს 90 ხმა და მეტიც. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსენსუსი შეკრას”, – განაცხადა ელისაშვილმა.