აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟავაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარკვეული პირობების საფუძველზე, მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ გადასვლას შეძლებენ.
„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები, თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლის მიერ გაცემული სამთვიანი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, ვალდებულები იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი.
მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ყველა ეს მოძრაობა და გადინება, მათ შორის, საზღვარზე, მათ შორის, სამუშაო მიზნებით უნდა ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით“, – განაცხადა რიჟავაძემ.
თურქეთში დასაქმებულები უკვე ერთი თვეა, მოითხოვენ თურქეთთან საზღვრის გახსნას. ისინი აქციებს მართავდნენ როგორც აჭარის მთავრობის შენობასთან, ასევე სარფის საზღვართან. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, თურქეთში სამუშაოდ გადასვლის შესაძლებლობა მიეცა მთავრობას მათთვის ან ერთჯერადი კომპენსაცია ყოველთვიური გამხდარიყო, სანამ საზღვრები არ გაიხსნებოდა. ჯერჯერობით, მათ ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციაც არ აუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ 29 ივნისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ დასაქმებულები, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებდნენ. დასაქმების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 1 აგვისტომდეა შესაძლებელი და კომპენსაციები ეტაპობრივად გაიცემა.