თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები ბათუმში აქციას მართავენ და მთავრობის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ

პუბლიკა

მოქალაქეებმა, რომლებიც თურქეთთან საზღვრის გახსნას მოითხოვენ, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადასასვლელად, დღეს აქცია გამართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან და საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა უმაღლეს საბჭოსთან შეკრების მიზეზი განმარტეს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, მათ აინტერესებთ, როდის გახსნის სახმელეთო საზღვარს საქართველო თურქეთთან. მისი თქმით, მეზობელ ქვეყანაში მუშაობაზე უამრავი ოჯახის ფინანსური მდგომარეობაა დამოკიდებული.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ პანდემიის გამო ვერ ხერხდება საზღვრის გახსნა, მაშინ ხელისუფლების ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება მრავალჯერადი უნდა გახდეს, თუმცა, მათივე თქმით, ერთჯერადი დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ.

„დღეს მოვედით აქ. გვაინტერესებს, აჭარის საკანონმდებლო ორგანო რა ურთიერთობაშია აჭარის აღმასრულებელ ორგანოსთან და ორივემ ერთად თუ ჩააყენეს საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსში. რასთან არის დაკავშირებული თურქეთში საქმიანობა ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადეს აქციაზე.

აქციის მონაწილეები საბჭოს დეპუტატთან, „ოცნების“ წევრ ლადო მგალობლიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათი განმარტებით, ლადო მგალობლიშვილმა თქვა, რომ „საქართველოში მშიერი ოჯახები არ არის“.

სავარაუდოდ, საუბარია ლადო მგალობლიშვილის ინტერვიუზე გამოცემა „ბათუმელებთან“, სადაც ის თურქეთში დასაქმებული მოქალაქეების პროტესტზე კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ სახელმწიფო, შეძლებისდაგვარად, ეხმარება მოქალაქეებს.

„სახელმწიფო მინიმალურ დონეზე, იმ დონეზე ეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მშიერი, როგორც ასეთი, პირდაპირი მნიშვნელობით, მოქალაქეები არ არიან საქართველოში. მინიმალურ დონეზე ადამიანს საარსებო რაც სჭირდება, ამას სახელმწიფო ეხმარება ჩვენს მოქალაქეებს“, – ეუბნება მგალობლიშვილი „ბათუმელების“ ჟურნალისტს.

„მე არ ვიცი, რომელ სამყაროში და სად ცხოვრობს ის, რომ ასეთი რამ თქვა და გვაინტერესებს და აინტერესებთ ადამიანებს მასთან შეხვედრა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მიმდინარეობისას, პროტესტის მონაწილეებთან გამოვიდა საბჭოს წარმომადგენელი, რომელმაც მათ უთხრა, რომ ლადო მგალობლიშვილი მზად არის მოქალაქეებთან შესახვედრად, ოღონდ მედიის წარმომადგენლების გარეშე. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეხვედრას მედიაც დაესწროს.