„ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში 9 თვეა ინიციირებულია საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას მისი განხილვა არც კი დაუწყია. მისი თქმით, პროექტს კომიტეტზეც კი არ გაუვლია პირველი მოსმენა.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები ხშირია და ეს იმ გულგრილობის შედეგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ ამ თემას მოეკიდა.
„ხელთ მაქვს გასული წლის მძიმე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იმდენად დაზიანდნენ ადამიანები, რომ 87 მათგანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. დაზიანება გაცილებით მეტი იყო, თუმცა 87 იყო მძიმე, აქედან 19 – ბავშვი, რომელთაც დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
კანონპროექტი, რომელსაც გასულ კვირას ათასობით მოქალაქემ პეტიციით დაუჭირა მხარი და კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს, დაწყებულიყო და მიღებული ყოფილიყო კანონი. პიროტექნიკა არის საშიში როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. გვაქვს შეუქცევადი ჯანმრთელობის დაზიანებისა და საკუთრების დაზიანების არაერთი შემთხვევა, საშინლად მოქმედებს შინაურ ცხოველებზე და ცოცხალ ორგანიზმებზე, ის იწვევს ჰაერის მძიმე დაბინძურებას და ამ ძალიან კონკრეტული საკითხის ირგვლივ „ოცნება“ ინარჩუნებს გულგრილ პოზიციას, თითქოს ამბობენ, რომ სწორი კანონპროექტია, მაგრამ შედეგი არის ის, რომ დღემდე ეს კანონი მიღებული არაა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში მოზარდს პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩაუვარდა. აფეთქების შედეგად მან დამწვრობა მიიღო.
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ბავშვს დამწვრობა აქვს მიღებული სახის, კისრის, გულ-მკერდის არეში, ორივე ზედა კიდურზე. საეჭვოა სასუნთქი გზების დაზიანება. ექიმის თქმით, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი – სერიოზული.
2 დეკემბერს გავრცელდა პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ, რომელსაც ამ ეტაპზე 20755 ხელმოწერა აქვს.
„საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება ფაქტობრივად არ კონტროლდება. საგანგაშოა, რომ ქვეყანაში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიციის ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, დაიწყონ კანონპროექტის განხილვა.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; F1 კატეგორიის პიროტექნიკის გარდა (რომლის უსაფრთხოების მანძილი 1 მეტრია, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში). სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად – 1000 და 5000 ლარით; პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.