პეტიცია | პარლამენტს პიროტექნიკის აკრძალვისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

ორგანიზაცია Animal project-მა შექმნა პეტიცია და საქართველოს პარლამენტს პიროტექნიკის გამოყენების დარეგულირებისკენ მოუწოდებს. პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ პიროტექნიკის გამოყენება აზიანებს გარემოს, ცხოველებსა და ფრინველებს, ასევე ხშირია მოქალაქეების დაშავების ფაქტებიც. შესაბამისად, ორგანიზაცია საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოგვარების საჭიროებაზე საუბრობს, რაც მათი თქმით, ზემოთჩამოთვლილ რისკებს შეამცირებს.

„პიროტექნიკის გამოყენება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამას ადასტურებს გასული წლების სტატისტიკა. 2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, აგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც. გარდა აღნიშნულისა, პიროტექნიკის და ერთჯერადი ასაფეთქებლების გამოყენება ზიანს აყენებს და ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს ცხოველები და ფრინველები. საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ზიანდებიან მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე  არიან ღია ცის ქვეშ. ამ დროს, იმატებს შინაური ცხოველების დაკარგვის ფაქტებიც.

საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება ფაქტობრივად არ კონტროლდება. საგანგაშოა, რომ ქვეყანაში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ახლოვდება ახალი წლის დღესასწაული და ტრადიციულად გამოჩნდა დახლებზე არაერთი პიროტექნიკული მოწყობილობა. მიუხედავად დაპირებისა, ხელისუფლებას კვლავ არ განუხორციელებია ქმედითი ნაბიჯი პრობლემის აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნავია, 2023 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტში ინიცირებლ იქნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცეოდა. თუმცა, პროექტი ჯერაც არ არის განხილული პარლამენტის მიერ.

ვინაიდან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის მოხმარება და იმატებს შესაძლო ნეგატიური შედეგის რისკები, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პარლამენტისგან მოვითხოვთ:

გაითვალისწინოს ის უდიდესი ზიანი, რომელსაც ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს აყენებს პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენება და უმოკლეს ვადებში დაიწყოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/305/10) კანონპროექტების განხილვა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც გარდაუვალია საახალწლო პერიოდში”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

რა წერია კანონპროექტში?

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სამართალდარღვევად ცხადდება პიროტექნიკის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება. ის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 5000 ლარით.

ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება. ესაა: ჯარიმა, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა.

ავტორთა თქმით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა ითვალისწინებს სადამსჯელო ღონისძიების ალტერნატიულ საშუალებებს, „შესაბამისად მოსამართლეს ეძლევა დისკრეციული უფლებამოსილება ჩამოთვლილ სასჯელთაგან, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე თავად აირჩიოს ადეკვატური”.

კანონპროექტის თანახმად, სრულიად იკრძალება პიროტექნიკური ნაკეთობების შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება, გარდა მთავრობის განკარგულებით ნებადართული შემთხვევებისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობა გასცემს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ერთჯერადად, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება. ასევე, დასაშვები იქნება პიროტექნიკის ტრანზიტი, სხვა ქვეყანაში გადატანის მიზნით.

პროექტის ინიციარორები დეპუტატები არმაზ ახვლედიანი და ანა ნაცვლიშვილი არიან.