მოქალაქეებისგან 200 000 ლარამდე შეგროვდა, თბილისიდან 4 დატვირული ტრაილერი გაემგზავრა- GÜRTİAD

პუბლიკა

მოქალაქეების მიერ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხული თანხით ჯამში 197 000 ლარი შეგროვდა, – ამის შესახებ „პუბლიკას” საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) წარმომადგენელმა ირინა კოლესნიკოვამ განუცხადა.

რაც შეეხება ტანსაცმელსა და სხვა საშუალებებს, მისივე თქმით, მოქალაქეების მიერ მიტანილი ნივთებით 4 ტრაილერი დაიტვირთა და დღეს თურქეთში გაემგზავრა. კოლესნიკოვამ ასევე გვითხრა, რომ მე-5 ტრაილერი კიდევ იტვირთება.

„პუბლიკასთან” მან აღნიშნა, რომ თანხის შეგროვება კვლავ გრძელდება, რაც შეეხება ტანსაცმელს, „სასწაული რაოდენობის შეგროვდა და აღარაა საჭირო”.

„მადლობას გიხდით ყველას, ვინც გამოხატეთ გულისხმიერება, თქვენი დახმარება მივიღეთ. მეგობარ ქართველ ხალხს დიდ მადლობას ვუხდით თანადგომისა და ტკივილის გაზიარებისათვის.

თქვენს მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ თურქეთში, მიწისძვრისაგან დაზარალებულებთან. ახლა კი მხოლოდ თურქეთისათვის ლოცვას გთხოვთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ”, – ნათქვამია GÜRTİAD-ის განცხადებაში.