საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს. ანუ მოქალაქეებს ქვეითად გადაადგილებაზე შეზღუდვები არ უწესდებათ.
კომენდანტის საათი ასე განიმარტება – დღე-ღამის დადგენილი დრო (როგორც წესი, საღამოს და ღამით), როდესაც მოცემული დასახლებული პუნქტის ან ადგილის მცხოვრებთ განსაკუთრებული ნებართვის გარეშე ქუჩაში გამოსვლა ეკრძალებათ.
რაც შეეხება შეკრებებს, პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
რაც შეეხება სატრანსპორტო გადაადგილებას, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები არც ამაზე წესდება. როგორც ცნობილია, ქვეყნაში ამ ეტაპზე აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
„საჭირო თუ გახდა და შევამჩნიეთ, რომ ქალაქში საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, ჩვენ შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.