პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შესაბამისი წარდგინებით პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს მიმართა სალომე ზურაბიშვილს. პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობას ექნება შემდეგი შესაძლებლობები:

► იზოლაციის ან კატანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.

► საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

► დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;

► საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საიზოლაციო, საკარანტინო და სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

► იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

► მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს, შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;

► აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამეტებზე, სამედიცინო მომსხურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

► მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს.

►საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;

► საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად;

► ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომაროების რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინიტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვს 15 000 ლარის ოდნობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით;

► სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები;

გახარიას თქმით, ამ დადგენილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საკომენდანტო საათი არ დგინდება.