მოქალაქეთა ინციატივა სომეხი ხალხის მხარდასაჭერად - „ერთი ნიღაბი - ერთი სიცოცხლე"

პუბლიკა

ონლაინმედია aliq.ge-ის დამფუძნებელი პავლე ოგანეზოვი სომეხი ხალხის მხარდასაჭერად ადამიანებს მოუწოდებს, შეურთდნენ ჰუმანიტარულ მანიფესტს, ჩარიცხონ თანხა ჰუმანიტარული ინიციატივის ავტორთა ანგარიშზე, რითაც შეიძენენ პირბადეებს სომხეთში გასაგზავნად. ინიციატორთა თქმით, პირბადეები სომხეთში სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაურიგდებათ.

პავლე ოგანეზოვის ორგანიზებით 6 ივნისს თბილისიდან სომხეთში უკვე გაიგზავნა ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატების დამატებითი პარტია უახლოეს დღეებში სომხეთში კიდევ გადაიგზავნება.

ჰუმანიტარული მანიფესტის ავტორები ადამიანებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ სომეხი ხალხის მხარდასაჭერ აქციას. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს.

„ძვირფასო საქართველოს სომხებო,

მოდით, მცირე წვლილი შევიტანოთ სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში! ვაცნობიერებთ რა, რომ საქართველომაც არანაკლები ეკონომიკური ზიანი განიცადა, და რომ დღეს ბევრი რთულ სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება, გადავწყვიტეთ წამოვიწყოთ აქცია  -„ერთი ნიღაბი – ერთი სიცოცხლე”.

მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა ერთი ნიღბის საფასური (ან მეტიც) ჩავრიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE03BG0000000345892183 (Bank of Georgia, Badaliani Arshak ).

ჩვენ გარწმუნებთ, რომ თქვენი დახმარება მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე. არსენ ხარატიანისა და ჩვენი მეგობრების მეშვეობით გადანაწილდება სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე. ყველა იმ მოქალაქეზე, ვისაც უწევს სახლიდან გასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ხალხმრავალ სამუშაო ადგილზე ყოფნა და ვინც აუცილებლად უნდა ატაროს ნიღაბი, რომ დაიცვას საკუთარი თავი, თავისი ოჯახი, გარემო და სამშობლო. ჩვენ გპირდებით, რომ შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება ფოტოები და ანგარიშები.

სომხეთს დღეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!!! შევუერთდეთ მანიფესტს „ერთი ნიღაბი – ერთი სიცოცხლე“ და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება!“  – წერია მიმართვაში.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 ათასს გადააჭარბა. დღეს 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა და 200-მდე ინფიცირებული ადამიანი ვერ ახერხებს ჰოსპიტალში მკურნალობას. ნიკოლ ფაშინიანი თავის ყველა მიმართვაში მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

სომხეთის მხარდაჭერის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა საქართველოში. საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაეხმაროს სომხეთს კოროანვირუსით გამოწვეულ ვითარებასთან გამკლავებში. თავის მხრივ საქართველოში ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ მათ თვითონ შესთავაზეს სომხეთს მხარდაჭერა და საქართველო უარს არასოდეს იტყვის მეზობელი ქვეყნის დახმარებაზე.