მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე ნამახვაჰესის საწინააღმდეგო შემაჯამებელ აქციას მართავს.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვარლამ გოლეთიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათი ბრძოლა დღეს უკვე რიონის ხეობაში გაგრძელდება.
„ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. როგორც გუშინ ვთქვით გამოსვლაში, ვაწარმოებთ მორალურ ომს და ამორალურ ომში დღეს ჩვენ ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ გვესვრის ტალახს და ცდილობს, გაამარგინალოს ჩვენი მოძრაობა.
ამიტომ საკითხი დგას ასე მკაფიოდ – ჩვენ ამ მორალურ ომს გავიყვანთ ბოლომდე სწორად, მშვიდობით, ერთობით და სულისკვეთებით… გავაკეთებთ იმ ჩვენს გასაკეთებელს საქმეს, რომელიც არის თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლებამ, რომ გადაგვიყვანოს სხვა ვექტორზე, დაგვანაწევროს გააჩინოს დაპირისპირება ჩვენ შორის, ის ამას ვერ შეძლებს. ამის გარანტი ვართ თითოეული ჩვენთაგანი, ვინც ამ მოედანზე ვდგავართ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში მეოთხე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ამ პერიოდის განმავლობაში მოაწყვეს არაერთი მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში. დღევანდელი აქციის შემდეგ კი ისინი რიონის ხეობაში დაბრუნებას და პროტესტის იქ გაგრძელებას გეგმავენ.
გუშინ „მთის ამბებმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ამ დრომდე გასაჯაროებული არ იყო. დოკუმენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებას.
დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით თარიღდება. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.
შეფასებაში კრიტიკულადაა განხილული მთელი რიგი პუნქტები და შეიცავს 22 შენიშვნას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“.