ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს” ლიდერი კოკა მორგოშია აცხადებს, რომ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას თავიანთი ოფისებიდან დააკვირდებიან და თუ „თუ რამე დაპირისპირება იქნება, თუ სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება და პოლიციას გაუჭირდება, ყველა მოქალაქის ვალია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაიცვას”, – განუცხადა „პუბლიკას“ კოკა მორგოშიამ.
მისი თქმით, მათი მთავარი მიზანი 2 ივლისს დაგეგმილი პრაიდ ფესტივალის გაპროტესტებაა, თუმცა „სირცხვილიასა“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციასაც დააკვირდებიან.
„ჩვენ 10 ივნისიდან ისედაც გამოცხადებული გვაქვს მობილიზაცია 2 ივლისისთვის, თუმცაღა „სირცხვილიას“ ორგანიზებული აქციისთვის ჩვენც ვემზადებით. კონტრაქციას არ ვაანონსებთ, თუმცა თუ რამე დაპირისპირება იქნება და სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება, თუ პოლიციას გაუჭირდება ყველა მოქალაქის ვალია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაიცვას.
20 ივნისს არსად გასვლას არ ვაპირებთ და არანაირ კონტრაქციას არ ვაპირებთ თუ დაძაბულობა არ იქნება. ჩვენს ოფისებში ვიქნებით და ფიზიკურად გარეთ გასვლას არ ვაპირებთ, რომ პროვოკაციები არ დაგეგმონ. რასაც თქვენ ნახავთ ტელევიზიის მეშვეობით იმავეს ვნახავთ ჩვენც, ჩვენი ხალხიც შორიახლოს გვეყოლება იქ და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. თუ არაფერი მოხდება და უბრალოდ გამოვლენ, გააპროტესტებენ და დაიშლებიან, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს”, – ამბობს მორგოშია.
„შინ ევროპისკენ!”, – 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან აქცია დანონსდა.
„ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 20:00-ზე, შევიკრიბებით პარლამენტის წინ და ვაჩვენებთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი”, – აცხადებენ ორგანიზატორები.