ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ - პრემიერი 20 ივნისის აქციაზე

პუბლიკა

„არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ის სამოქალაქო სექტორის მიერ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა.

„მთავარი არის ის, რომ ახლა ესე იგი ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია თითქოს ევროკავშირში რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

მე ყველას შევახსენებ, მეგობრებო. ვინ ითხოვს, ამ აქციას ვინ ატარებს? შემთხვევით ის ძალა ხომ არა, ვინც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას და ომის შემდეგ რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი ჩააბარა რუსეთს და ცალმხრივად გაუხსნა შემდეგ უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს, ეს ძალა ითხოვს თურმე ევროკავშირთან სტატუსის მინიჭებას, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, არაფერი გაუკეთებია დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით, მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ.

ასე რომ, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


„შინ ევროპისკენ!”, – 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან აქცია დანონსდა.

„ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 20:00-ზე, შევიკრიბებით პარლამენტის წინ და ვაჩვენებთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი”, – აცხადებენ ორგანიზატორები.