მოსახლეობის 30%-ს სჯერა, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა - NDI

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 30% მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა.

ასევე, ლაბორატორიაში შექმნის ვერსიას უჭერს მხარს მოსახლეობის 22%, თუმცა, მათი აზრით, კორონავირუსი ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა.

NDI-ის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა. მოსახლეობის 3%-ის აზრით კი, Covid-19 საერთოდ არც არსებობს.

შეკითხვაზე, როგორ წარმოიშვა კორონავირუსი, გამოკითხულთა 32%-მა უპასუხა, რომ „არ იცის“.

მოსახლეობის გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველომ“ ჩაატარა. კვლევისთვის გამოყენებული იყო სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუსჯგუფების მეთოდოლოგია.

სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სულ შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. გამოპასუხების მაჩვენებელი 35%-ია.

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

ფოკუსჯგუფების ნაწილში სულ 10 ფოკუსჯგუფი საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. საველე სამუშაოების პერიოდი 24-30 ივნისია.

ფოკუს ჯგუფების მონაწილეებს შორის იყო შერეული ასაკი, სქესი და დასამქების სტატუსი.

ND-ის მიხედვით, მონაწილეები ორი მეთოდით შეარჩიეს: 1. CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და მე-2: „თოვლის გუნდის“ მეთოდით.

ფოკუსჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.