ყველაფერი კორონავირუსის შესახებ

ვასკა მათითაიშვილი

რა არის კორონავირუსი?

2019 წლის დეკემბერში ჩინეთში პნევმონიის რამდენიმე უცნაური შემთხვევა გამოავლინეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაავადებას აქამდე უცნობი ვირუსი იწვევდა, დღეს უკვე ცნობილი nCov-2019 ტიპის კორონავირუსი. დღემდე ცნობილი ფაქტების უმრავლესობა, რომლებიც  ვირუსის შესახებ ვიცით,  შესაძლოა, მომავალში შეიცვალოს.

კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია. ვირუსს გვირგვინის აგებულება აქვს, საიდანაც მისი დასახელება გამომდინარეობს (corona ლათ. – გვირგვინი). არსებობს სხვადასხვა ტიპის კორონავირუსი – ისინი ან რესპირატორულ დაავადებას, ან კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევენ. რესპირატორული დაავადებები შეიძლება გამოიხატებოდეს მარტივ გაციებაში ან პნევმონიაში. ინფიცირებულთა უმრავლესობაში სიმპტომები მსუბუქი ფორმით ვლინდება. თუმცა, არსებობს სხვა ტიპის კორონავირუსებიც, რომლებიც მწვავე დაავადებებს იწვევენ. მათ შორის არიან:

  • 2003 წელს ჩინეთში გამოვლენილი SARS ტიპის კორონავირუსი, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 10% იყო;
  • 2012 წელს საუდის არაბეთში გამოვლენილი MERS ტიპის კორონავირუსი, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30-35% იყო;
  • 2019 წელს ჩინეთში გამოვლენილი n-Cov, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 2%-ს არ აღემატება

2019 n-Cov პირველად ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში ზღვისა და ცოცხალი ცხოველების ინდუსტრიასთან ჩართულ ადამიანებს აღმოაჩნდათ. დაავადება ინფიცირებული ადამიანებიდან ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე გავრცელდა. დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 81 109 შემთხვევა, ვირუსით გარდაცვალების კი –  2 761 შემთხვევა.  ვირუსი 39 ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოში აღმოჩენილი ინფიცირების 1  შემთხვევის ჩათვლით.

საიდან გავრცელდა ვირუსი?

ზოგადად, ცნობილია, რომ კორონავირუსები ძირითადად ცხოველებში ცირკულირებენ. იშვიათ შემთხვევაში ცხოველებს ვირუსის ადამიანებისთვის გადადებაც შეუძლიათ. ამის მიზეზი მრავალი ფაქტორი შეიძლება გახდეს, მათ შორის ვირუსის მუტაციის პროცესი და ადამიანების ინტენსიური კონტაქტი ცხოველებთან. მაგალითისთვის, როგორც ცნობილია, MERS ტიპის კორონავირუსი ადამიანებს აქლემებისგან გადაედოთ, ხოლო SARS ტიპის კორონავირუსი კი კატის ციბეტური ჯიშისგან (Civets). 2019 n-Cov-ის წარმომავლობის შესახებ კი ზუსტი ცნობები არ არსებობს.

როგორ ხდება კორონავირუსის გადადება?

2019 წლის კორონავირუსის გადადების ზუსტი დინამიკა ჯერ კიდევ დასადგენია. ზოგადად კი, რესპირატორული დაავადებები ძირითადად ნერწყვის შხეფების საშუალებით გადადის, რომელსაც ადამიანი ცემინებისა და ხველის  დროს გამოყოფს. ცხვირის, პირის ან თვალის არეში ამ შხეფების მოხვედრა მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ ის ადამიანები არიან, რომელთაც ცხოველებთან ხშირი და ახლო კონტაქტი აქვთ, ვინც ცხოველების ინდუსტრიაში მუშაობენ და ინფიცირებული ადამიანების მომვლელები – ოჯახის წევრები და სამედიცინო პერსონალი.

 

როგორია დაავადების სიმპტომები

დღემდე გავრცელებული ცნობებით, ჩვენებები შესაძლოა მსუბუქსა და მწვავე სიმპტომებს შორის მონაცვლეობდეს.

მსუბუქ სიმპტომებს შორის არის:

  • სიცხე,
  • ხველება,
  • სუნთქვის უკმარისობა.

მწვავე სიმპტომებს შორის არის:

  • პნევმონია,
  • თირკმლის უკმარისობა,
  • სიკვდილი.

როგორც უკვე ითქვა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღემდე გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით 2%-ია.

გერმანიაში ასევე გამოვლინდა იშვიათი ასიმპტომატური შემთხვევებიც, როდესაც ვირუსის მატარებელ ადამიანებს საწყის ეტაპზე არცერთი ზემოთ ხსენებული სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.

დიაგნოსტირება

კორონავირუსის დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) არის შესაძლებელი. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია არის ბიოქიმიური ტექნოლოგია მოლეკულლურ ბიოლოგიაში, ის ახდენს დნმ-ის ფრაგმენტების ერთი ან რამდენიმე ასლის ამფლიკაციას მრავალი ჯერადობით, და ქმნის დნმ-ის თანმიმდევრობების მილიონამდე ასლს.

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირება 5 თებერვლიდან ლუგარის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია. საქართველოს სპეციალური რეაგენტებით – ე.წ. ტესტსისტემით – გერმანია დაეხმარა. რეაგენტები იძლევა იმის საშუალებას, რომ ბოლომდე დაისვას დაავადების ლაბორატორიული დიაგნოზი.

ჯერჯერობით არ არსებობს სპეციალური მედიკამენტები კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის. ასევე არ არსებობს სპეციალური ვაქცინა ვირუსისგან თავის დასაცავად. ვაქცინა და მედიკამენტები შემუშავების პროცესშია. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა მკაცრ რეკომენდაციას, სიმპოტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივმართოთ შესაბამის კლინიკებს.

ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ოთხი საავადმყოფოა გამოყოფილი:

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო;

 ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო;

ბათუმის ინფექციური საავადმყოფო;

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო.

როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თავის დაცვისთვის სტანრტულ გზებს გვთავაზობს

1) ცემინებისა და ხველების დროს პირის დაფარვა;

2) სიმპტომების მქონე ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავშეკავება;

3) საჭიროების შემთხვევაში ნიღბის გამოყენება, განსაკუთრებით, სამედიცინო დაწესებულებებში;

4) ხელების ხშირი დაბანა საპნით ან სპეციალური საშუალებებით დეზინფექცია.

იმისათვის, რომ ცხოველებისგან ვირუსის გადადებას ავარიდოთ თავი, საჭიროა:

1) თავი შევიკავოთ ცხოველებთან არასაჭირო, დაუცველი კონტაქტისგან;

2) ცხოველებთან ან ცხოველურ პროდუქტებთან შეხების შემდეგ ხელის დაბანა;

3) ცხოველური პროდუქტებით კვების შემთხვევაში, ხორცის სათანადოდ დამუშავება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე გვირჩევს, საწყისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლიც მივმართოთ სამედიცინო დახმარებას. ასევე, მიზანშეწონილია, პაციენტმა სამედიცინო პერსონალს გააცნოს მოგზაურობის ისტორია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია თავი ავარიდოთ მაღალინფიცირებულ ქვეყნებში მოგზაურობას: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიის ჩრდილოეთის ქალაქებში.