მოსახლეობის 69%-ის აზრით, რუსეთის ბევრი მოქალაქის შემოსვლას შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს - NDI

პუბლიკა

NDI-ის ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ერთ-ერთი თავი ეთმობა რუსეთის იმიგრაციის გავლენას საქართველოზე და სახელმწიფოს დამოკიდებულებას რუსეთის მოქალაქეების მიმართ.

კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, მაშინ, როცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს:

მაგალითად, შეკითხვაზე, ვისი ბრალია უკრაინაში ომი, 2022 წლის 67% რუსეთს ასახელებდა, 2022 წლის დეკემბერში კი – 54%. ხოლო პუტინის ბრალეულობას მარტში 11% ხედავდა, დეკემბერში – 25%. 

ამავე კვლევის მიხედვით, 15% მიიჩნევს, რომ ომი უკრაინაში აშშ-ის ბრალია. ეთნიკური უმცირესობების დასახლებების მეოთხედი ამბობს, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის ბრალია.

კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს:

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე შემოვიდა. თქვენი აზრით, რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოზე?“ – ამ შეკითხვას 69% პასუხობს, რომ „უარყოფით გავლენა“ ექნება, 17% მიიჩნევს, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქის შემოსვლას „დადებითი გავლენა“ ექნება, 8% ამბობს, რომ არ იცის, 6% ფიქრობს, რომ ამას არანაირი გავლენა არ ექნება. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში 38% რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის.

კვლევის მიხედვით, უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია:

მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით მიუღებელია, 29%-ისთვის მისაღებია, 13% ამბობს, რომ არ იცის.

უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწერებას:

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, 69% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს, 21% მიიჩნევს, რომ არ უნდა შემოიღოს, 10% ამბობს, რომ არ იცის.

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ:

დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 80%-ს რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 13%-ს – დადებითი.

კვლევის მიხედვით, რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი – დეკემბრის მონაცემებით, 56% დადებითად არის განწყობილი, 38% – უარყოფითად.


NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა და ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1.6%-ია.