მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებას დავიწყებთ - ტიკარაძე

პუბლიკა

კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული [ინტენსიური] ტესტირება დავიწყოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბე“ განაცხადა. ტიკარაძის წერილობით კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი ავრცელებს.

„ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებით მივიღოთ სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა საქართველოში ტესტირების კუთხით უფრო აგრესიული ზომების გატარება, რომ სწრაფი ტესტი იმ მოქალაქეებსაც ჩაუტარდეთ, რომლებსაც შესაძლოა, მოგზაურობის და დაინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია არ ჰქონდეთ, მაგრამ თავს ცუდად გრძნობდნენ და ტესტის ჩატარებას ითხოვდნენ.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მაინც იმ ჯაჭვის გახლეჩვა რჩება, რომელიც გადაცემას შეზღუდავს და აღმოფხვრის, რაც ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება იქნება.