რესპუბლიკურმა საავადმყოფომ სუნთქვის 30 ახალი აპარატი მიიღო

მინდია გაბაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განცხადება გააკეთა ახალი თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე. მან აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რომლებიც დღეს გადაეცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და რომლებსაც გამოიყენებენ საჭიროების შემთხვევაში.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება, რაც შეიძლება იყოს კორონავირუსის შემთხვევაში და საჭიროება პაციენტისთვის, ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭიროება. ჩვენ უზრუნველვყავით რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის 30 ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ამ ეტაპისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს 50 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და ამით ჩვენ შეგვიძლია, პაციენტის გართულების შემთხვევაში, ამ საავადმყოფოში უზრუნველვყოთ ყველა საჭირო პირობა“,- აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

ტიკარაძის თქმით, ახალი 30 აპარატი არის მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის. გარდა ამისა, მისი თქმით, მისმა უწყებამ კერძო სექტორში მოიძია დამატებით 500-მდე სუნთქვის აპარატი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

„ხვალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ეკმოს” აპარატის შემოტანაც იგეგმება.  ასევე მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები და, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვექნება დამატებით „ეკმოს” აპარატი, იმ შემთხვევისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, ამ აპარატების შემოტანა გეგმიურად მოხდა, ვინაიდან, სახელმწიფოს გარკვეული გეგმები აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით – საუბარია მის რეაბილიტაციასა და შესაბამისად მოწყობაზე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აპარატების შესყიდვა 2000 ლარამდე დაჯდა, რაც პროგრამაში გეგმურად იყო გათვალისწინებული.