მოსახლეობის პროტესტი ჯიღაურში – ბეტონის გადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟი დაიწყო

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგურამოსთან, სოფელ ჯიღაურაში ბეტონის გადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟი დაიწყეს.

ადგილობრივი მოსახლეობა წელიწადზე მეტია, აპროტესტებს ქარხნის მუშაობას. ისინი მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ,  ქარხნის დემონტაჟის მოთხოვნით. მოსახლეობა აცხადებდა, რომ მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ იყო, რადგან მათ სახლებამდე აღწევდა ხმაური, მტვერი და გამონაბოლქვი.

მათივე მტკიცებით, ქარხანა უკანონოდ იყო აშენებული. მცხეთის მერიამ  მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ჯიღაურში ბეტონის გადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟის განკარგულება გასცა, რაც მფლობელმა გაასაჩივრა, თუმცა დავა ორი ინსტანციის სასამართლოში წააგო.

„როგორც ხედავთ, დემონტაჟი დაიწყო და ჩვენი აზრით, ეს არის პირველ რიგში საჯაროობის შედეგი. ამ ნაგებობას, დიდი ხანია, აპროტესტებდა მოსახლეობა და სანამ მედიამდე არ მივიდა ეს საქმე და საპროტესტო აქციამდე, ჩვენ ეს ყურადღება ვერ დავიმსახურეთ. ეს აქამდე და წლობით არ უნდა გაწელილიყო და ეს საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობაა. ჩვენ იმასაც ვააშკარავებდით, რომ ისინი ხელს აფარებდნენ ამ უკანონო მეწარმეს“, – თქვა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ იურისტმა თათული ჭუბაბრიამ, რომელიც სოფელ ჯიღაურში ცხოვრობს.

მოქალაქე გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, წერს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამის შედეგია უნებართვო და უკანონო ბეტონის ქარხნის დემონტაჟის დაწყება.