მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, ზღვაზე – 3-4-ბალიანი შტორმი – გარემოს სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ამინდი საქართველოში გაუარესდება, სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი წვიმის, ზღვაზე კი შტორმის შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბერს, ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

9 სექტემბრიდან ელოდებიან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაცემას და მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.